უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად ხდება, რომ ერთი ქვეყანა მეორეს სრული განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ, მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა დადგა ისეთი საფრთხის წინაშე, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არცერთ ევროპულ ქვეყანას არ შემთხვევია. კონტინენტის უახლესი ისტორიის მანძილზე, პირველად ხდება, რომ ადგილი აქვს მცდელობას, არა მარტო გადაიხედოს დადგენილი საზღვრები, არამედ აღიგავოს მიწიდან და ევროპის რუკიდან მთელი ქვეყანა, განადგურდეს ევროპის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ერი“- განაცხადა პოროშენკომ.
მისი თქმით „მტერმა ცუდად გათვალა, მისი ამ საქციელით ჩვენ უფრო ძლიერები გავხდით, უკრაინული პოლიტიკური ნაცია უფრო მტკიცედ დამკვიდრდა მთელ სივრცეში, მე დარწმუნებული ვარ ,სამშვიდობო გეგმა იმუშავებს, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი უკრაინელი ჯარისკაცების გმირობის დამსახურებით ომის მთავარი, ყველაზე სახიფათო ნაწილი უკვე წარსულში დარჩა.“
„ჩვენ დავამარცხეთ ტირანია და მშვიდობა უკვე შორს არაა!უკრაინის მოქალაქეები, იყვნენ არიან და იქნებიან ერთიანი ოჯახი...დღეს ჩვენი აღმოსავლეთი საზღვარი, ევროპის მშვიდობისთვის ბრძოლის ფორპოსტია,ჩვენი საბოლოო გამარჯვება კი ევროპის გამარჯვება იქნება“-განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






