„დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი, მუხრან ბურჭულაძე „ნიუპოსტთან” საუბარში ქვეყნის შიგნით და გარეთ განვითარებულ მოვლენებს აფასებს, მთავრობას აკრიტიკებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
მუხრან ბურჭულაძე უკრაინაში რეფორმებზე მომუშავე ქართული ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ამავდროულად უკრაინაში მარეგისტრირებელი სისტემების საკითხების ექსპერტია.
რა არის კიევში თქვენი ხშირი ვიზიტების მიზანი?
- კიევში ჩვენი ვიზიტების მიზანი ყველასთვის ცნობილია და მოგეხსენებათ, რომ უკრაინის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, რეფორმების გატარების კუთხით გარკვეული წინსვლები გვაქვს. მაგრამ ამას იმ ასოციაციასთან რასაც "მაიდანი" გულისხმობს, არანაირი კავშირი არ აქვს. გასაგებია, რომ ხელისუფლებას აშინებს მიხეილ სააკაშვილი, ის დიდი გამოცდილების მქონე წარმატებული პოლიტიკოსია და მისი დევნა ნამდვილად ვერ წაადგება ვერც მთავრობას და ვერც ქვეყანას. დღეს პოლიტიკური პროცესები გადამწყვეტ ფაზაში შედის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ და არსებობს საკითხები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოუდგენელია, რომელიმე ჩვენთაგანს არ ადარდებდეს საკუთარი მომავალი და ქვეყნის ბედი, სწორედ ამიტომაა გასათვალისწინებელი თითოეული დეტალი, რაც სახელმწიფოს უკავშირდება.
გასაგებია, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა „მაიდანი“... განგვიმარტეთ რას ნიშნავს „მაიდანი“ და რატომ ხდება ამ სიტყვის ასე ვთქვათ აჟიტირება, რისი „ეშინია“ მთავრობას?
- გეთანხმებით, „მაიდანი“ სულ უფრო ხშირად გვესმის და მართალი გითხრათ ხელისუფლების ისტერიული შიში მის მიმართ, ღიმილს მგვრის. მოგეხსენებათ „ევრომაიდანი“ თავისუფლებისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლისა და ხალხის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - მაიდანზე ხალხის ნებამ გაიმარჯვა იმპერიაზე და კოლაბორაციონიზმზე, ეს იყო ძალიან ბუნებრივი პასუხი ხელისუფლების ანტიეროვნულ ქმედებებზე და აი აქ ბუნებრივია ჩნდება მთავრობასთნ კითხვა - რატომ უნდა გაშინებდეს „მაიდანი“ თუ ამის საფუძველი არ გაქვს, თუ შენ ევროპული იდეალებით სულდგმულობ და ხალხის ნებას არ გადაუხვიე. რატომ უნდა გაშინებდეს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგიდენია, ქურდს ქუდი ეწვისო გვითქვამს ქართველებს და ეს პირდაპირ ასახავს მთავრობის მდგომარეობას. „ევრომაიდანი“ ასევ თქვათ, ბუნებრივი მოვლენაა და ეს სიახლე არააპოლიტიკაში, როდესაც ხელისუფლება არ გამოხატავს საზოგადოების ნებას, როდესაც მთავრობა უპირისპირდება საკუთარ ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, ის ექცევა იზოლაციაში და იმკის პროტესტს.
თქვენ როგორ გგონიათ, დღევანდელ რეალობაში თუ არის მოსალოდნელი საქართველოში „მაიდანი“?
- თუ ხელისუფლებას ამაზე არ ექნება ადეკვატური რეაქცია, საპროტესტო ტალღა აღწევს პიკს და შედეგად ვიღებთ რევოლუციებს. სწორედ ამას მინდა გავუსვა ხაზი, რომ თუ შენ არ მიდიხარ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სწორად რეაგირებ საზოგადოების მოთხოვნებზე რევოლუციის შიში უადგილოა. მთავრობის სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით, ქვეყანაში შექმნილია მეტად მძიმე ვითარება და თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, გამორიცხული არაფერია. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ მთავრობის წევრების აბსურდულ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ იქმნება რაღაც ჯგუფები, თუმცა როგორც ორი წლის მანძილზე დავინახეთ ის თავად ქმნის დაჯგუფებებს და აღვივებს აგრესიას. ბიბლიოთეკის მოვლენები, ოპოზიციის ლიდერების ცემა-ტყეპა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, მედიისკენ მიმართული მუქარა, რომ ის ყველაფერს არ უნდა აშუქებდეს, „თავისუფალიზონის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტი, ან რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ეს ყველაფერი ამჟღავნებს მმართველი გუნდის სისუსტეს და შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი მომავალიც, მსგავსი რეჟიმები კი ძალიან ცუდად მთავრდებიან.
თქვენ რაში ხედავთ მთავრობის სისუსტეს?
- შემთხვევითი არაა, რომ აღარავინ ახსენებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ეს განგებ პასიურობის ბრალია. მთავრობა დაკავებულია მხოლოდ ჭორაობით და ინტრიგებით. რა გვინდა, რომ საერთოდ შევულახოთ ქვეყანას იმიჯი? ვჩხრიკოთ და ვადეპორტოთ უცხოელი ტურისტები? ესაა ის მომავალი, რასაც ჩვენს მოსახლეობას დაპირდნენ? მაშინ , როდესაც ჩვენ სხვებს ვეხმარებით სისტემის განვითარებაში, იუსტიციის სახლები საბჭოთა კანტორას დაამსგავსეს, მალავენ დანაშაულს, აფრთხობენ ინვესტორებს - ვინც ქართველი გლეხის იმედია და ვისაც ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. შეჩერებულია უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, მიწების საკითხი დღესაც მოუგვარებელია, მედიკამენტებზე წვდომის შეზღუდვა მითხარით რაა თუ არა მოსახლეობისთვის ახალი პრობლემების შექმნა და მათთვის ცხოვრების გართულება, ესაა ხელისუფლების მხოლოდ დაუფიქრებელი ნაბიჯი. შემაშფოთებელია წარმოუდგენელი მასშტაბით გაზრდილი კრიმინალი და გაუთავებელი თავის მართლება მინისტრების მხრიდან. მაკვირვებს მთავრობის თუ მისი დამფინანსებლის მიდგომა, რომ თურმე მედია უნდა შეეშვას ფაქტების გაშუქებას და როგორ ფიქრობთ, მცირეწლოვანი ბავშვის გაუთოება, ამდენი მკვლელობა და ძარცვა უნდა მივჩქმალოთ? და ეს შეამცირებს კრიმინალს? ნუთუ მართლა აქვს ვინმეს წარმოდგენა, რომ დანაშაულის დამალვით შევამცირებთ მის რაოდენობას. კიდევ ახალი სისულელე რაც კი შეიძლებოდა გაგვეკეთებინა დანაშაულის წინააღმდეგეს რეიდებია. ვაფერხებთ თავისუფალ გარემოში ცხოვრებას, ვქმნით წარმოდგენას, რომ ქვეყანაში დაძაბულობაა. დანაშაულის შემცირება თუ ვინმეს სურს ქურდების შემოპარვა-გაპარებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ მიუჩინოს მათ საკუთარი ადგილი. ყველაზე საშიში ისაა, რომ ქვეყანა პოლიტიკური დევნის კერად იქცა და პოლიტიკური დაპატიმრება დააკანონეს. ვის აჯერებენ, რომ სეპარატისტი, აგენტი და ათასობით საშიში დამნაშავე პოლიტპატიმრები ყოფილან, ხოლო ყოფილი მინისტრები და დედაქალაქის მერი ქუჩის ქურდები.
სად ხედავთ გამოსავალს? თქვენი აზრით რა კუთხით უნდა იმუშაოს მთავრობამ?
- გულახდილად გეტყვით, მაქვს შეხვედრები ამ საკითხებთან დაკავშირებით. დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ საზოგადოებრივი გაერთიანების გარიყვა პროცესიდან, რომელიც ქვეყანას ეხება. იგივეს გეტყვით სტუდენტებზე, ეს ის თაობაა, რომელსაც ქვეყნის მომავლის შენებაში ყველაზე დიდი როლი ეკისრება, მათში ყველაზე მეტად იგრძნობა ქვეყნის მაჯის ცემა და მართალი გითხრათ ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ ესმით უამრავი საკითხი. ბოლო დროს ბევრჯერ გაიჟღერა ეროვნულმა მოძრაობამ, ეს არც არავის არ უნდა უკვირდეს, რადგან მოძრაობა ეროვნულია რამდენადაც ის ხალხიდან მოდის და ქვეყნის სატკივარს უკავშირდება. ხალხს ვერაფერი შეაშინებს და მინდა ყველას გასაგებად ვუთხრა, რომ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთად კი დიდი ძალა ვართ და ვერც ერთი დიქტატორი ვაჭარი ამას ვერ დაუპირისპირდება. ვერავინ დააქუცმაცებს ჩვენს საზოგადოებას და ამ პროცესებმა დასასრული უნდა ჰპოვოს, მავნებლობისთვის ყველას მოუწევს პასუხის გება და ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ჩვენ მოვთხოვთ პასუხს. ქართველები საკმაოდ ემოციური და პრინციპული ხალხი ვართ და ვერანაირი რუსის მარიონეტი მომავალს ვერ წაგვართმევს. არავის ვურჩევ საკუთარი ხალხის დაშინებას, ციხეებში გამომწყვდევას, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და თითოეულ შეცდომაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. არავის მივცემთ მოსახლეობის ტერორის უფლებას, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები აუთოვონ მათმა აშვებულმა ყაჩაღებმა, ჩავალთ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დავუდგებით გვერდით და ტყუილად ნუ ექნება ვინმეს იმის ილუზია, რომ ხალხს გადაკიდებს ერთმანეთს და ქვეყანას დაასუსტებს. ერთადერთი რაც ორ წელიწადში მოასწრეს მოსახლეობის წაკიდება, შუღლის გაღვივება, უმცირესობების და ოპონენტების დევნაა. ყველას კარგად გვესმის, რომ ევროპული მომავალი ასე არ შენდება, ხომ ყველამ ვნახეთ რა რეაქცია აქვთ მოკავშირეებს პოლიტიკური პატიმრების საკითხზე. საბოლოო ჯამში თავს ვიტყუებთ, რომ გვსურს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობა, სინამდვილეში კი ამისათვის არაფერს ვაკეთებთ. ხალხისთვის მიუღებელია, რომ მთავრობის წევრებს აღიზიანებთ მარიონეტული რეჟიმებისა და რუსეთის მხილება, ის რომ ევროპული ბაზრის პოპულარიზაციის ნაცვლად პრიორიტეტს აგრესორთან ეკონომიკურ კავშირებს ანიჭებენ, რაა ეს თუ არა უბრალოდ ქვეყნის ღალატი. ეს ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და მინდა გითხრათ, რომ უსამართლობას ისევ ხალხი შეაჩერებს. მთავარია გავერთიანდეთ, აგრესიას სიყვარული დავუპირის პიროთ და ერთმანეთის ძაგებას ურთიერთპატივისცემა, ეს ქვეყანას გადაარჩენს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ.
როგორც ვიცით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გამო, როგორ ფიქრობთ რამდენად ყურადსაღებია აღნიშნული განცხადება?
- ჩვენ გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვას და არც არავის უნდა გაკვირვებოდა შეერთებული შტატებისა თუ ევროპელი ლიდერების პოზიცია. ის იქნება ცალსახად დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყანაში ევროპული კურსის წამახალისებელი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შენებაში ყოველთვის ექნება დასავლეთის მხარდაჭერა მხოლოდ ამ ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს და რა თქმა უნდა ხალხს.
მასალის გამოყენების პირობები






