ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის გამოსვლები გრძელდება. სესიის ფარგლებში მთავრობის მეთაური რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
შეხვედრებს განაგრძობენ საგარეო, იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრები.
გაეროს გენერალურ ასამბელაზე დღეიდან დებატები იწყება. აღსანიშნავია, რომ დღეს გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. პრემიერი ბარაკ ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
ნიუ იორკში იმყოფება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელიც რამდენიმე შეხვედრას გამართავს. წულუკიანი სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შეხვდება:
„ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩვენ წელს აგვირჩიეს 11 ქვეყანასთან ერთად მმართველ საბჭოში. სწორედ ამ საბჭოში მე წარმოვადგენ საქართველოს“, - განაცხადა წულუკიანმა.
პრემიერმინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც იგი სიტყვით გამოვა. ამავე ფორუმს ესწრება ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამ შეხვედრებზე აქცენტი ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები






