ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ქართული ფილმების პირველი რეტროსპექტიული ჩვენების გახსნის ცერემონიას - „აღმოაჩინე ქართული კინო“, დაესწრო.
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 45 ფილმი. ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა. მისი თქმით ეს არის პირველი ფართომასშტაბური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ ამერიკაში წარდგენილია ქართული კინემატოგრაფია.
„საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას. ჩვენი მიზანია დადებითი წარსულის აღორძინება და ახალი მიმართულებების ძიება. ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ ქართული კინოსა და კულტურის პოპულარიზაციისთვის მთელ მსოფლიოში.
ის, რომ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქართული კინოს ფესტივალს მასპინძლობს, ადასტურებს, რომ ქართული კინემატოგრაფია მიმზიდველია ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის.
25 წლის წინ ამ დიდებულ მუზეუმში გაიმართა ქართული ფილმების პირველი ჩვენება. ბევრი ადამიანის ერთგულებისა და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ გავხდით ამ უპრეცენდენტო პროექტის განხორციელების მოწმენი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






