აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განმარტებით, თბილისში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ ინფორმაცია მას „Foreign Policy-სთან არ დაუდასტურებია.
„თუ დადგა ამდაგვარი საკითხი, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხი, ამასაც საქართველოს მთავრობა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება - განიხილავს მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი რაიმეზე დასტურს არანაირად არ ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, ეს უზუსტობა დაუშვა და მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს. როგორც ჩანს, ოცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ზოგჯერ არსებობს“,-განაცხადა გეგეშიძემ.
Foreign Policy-ს ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ის თავის ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზის განთავსება შესთავაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ Foreign Policy-ს დაუდასტურა, რომ ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის შესახებ შეთავაზება არა მარტო სირიიდან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მართლაც გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები






