საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ს სირიელი მებრძოლებისთვის საწვრთნელი ბანაკის მასპინძლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებით უწყება „ფორინ პოლისის“ სტატიას პასუხობს:
„საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზები ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას. მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემის თანახმად საწვრთნელი ბაზის მასპინძლობა ქართულმა მხარემ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს საქართველოში ვიზიტის დროს დახურულ კარსმიღმა გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






