„უკრაინაში შექმნილი სიტუაცია სულ უფრო ემსგავსება აფხაზეთის სცენარს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.
მისი განცხადებით, რუსეთი იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითც საქართველოში მოქმედებდა.
„უკრაინის სიტუაცია ისედაც ძალიან ჰგავდა საქართველოს სიტუაციას, იმიტომ რომ რუსეთმა ის სცენარი ნახა, რა სცენარითაც საქართველოში იმოქმედა და მისთვის სრულიად წარმატებული აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ის ამ სცენარს უკრაინაშიც იმეორებს“,- აცხადებს პოლიტოლოგი.
„გავეცანი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მშვიდობის გარეშე გამარჯვებას ვერ მივაღწევთო და რაც უფრო მეტ უკრაინულ ჯარს შევიყვანთ ამ რეგიონებში, მით უფრო მეტი რუსული ჯარი შემოვაო, მოტივად კი მოჰყავს ის, რომ მშვიდობის გარეშე ჩვენ ვერ გავიმარჯვებთო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი ძალიან მაგონებს სხვადასხვა თაობის ქართველი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების განცხადებას, როცა საკუთარი უსუსურობისა და მარცხის გამართლებას ამ ფუჭი სიტყვებით ცდილობდნენ“,- ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მისივე განცხადებით, ევროპა და ამერიკა მზად არ აღმოჩნდა უკრაინაში საკუთარი ინტერესების დასაცავად: „რეალურად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროპა და ამერიკა მეტად მზად არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესები დაეცვა. ამ შემთხვევაში არა უკრაინის, არამედ საკუთარი ინტერესები მათთვის მნიშვნელოვან რეგიონში, იმიტომ რომ რუსეთი ევროპისკენ სავალ გზაზე, რაც უფრო მეტ ბარიერს ლახავს, ევროპა მით უფრო მოწყურებადი ხდება და რუსეთისათვის უფრო თვასაჩინოა ის, რომ ამ ტაქტიკით მოქმედება მისთვის ძალიან წარმატებულია“,- აცხადებს ლაგაზიძე.
მისივე განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინაში რაც დღეს ხდება, არის არა რუსეთის უკან დახევა, არამედ ევროპისა და ამერიკის ერთობლივი ფიასკო.
"არ ვიცი ხვალ და ზეგ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას რას მოუტანს, მაგრამ დღეს, მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ასეთია, ვნახოთ გრძელვადიან პერსპექტიაში მოგებული ვინ დარჩება“,- აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.
წყარო: გაზეთი „რეზონანსი“.
მასალის გამოყენების პირობები






