რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს. ამის შესახებ კომენტარს „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვაჟა ადამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აკეთებს:
„ამ რამდენიმე დღის წინ, მქონდა გაუფრთხილებლობა გამომეთქვა აზრი, რომ ბ.ივანიშვილი და ი.ღარიბაშვილი გარდა პრეზიდენტის ფიზიკური განადგურებისა, არ იტოვებენ გზას იმ დროს, როდესაც გ.მარგველაშვილს რამდენიმე წონადი პოლიტიკური სვლა გააჩნია. თითქოს, ჩემი რეპლიკის პასუხად, უფლებადამცველი და იმავდროულად „ობიექტივის“ წამყვანი, ვინმე კოტე ინაშვილი, „ წყაროზე დაყრდნობით“ აცხადებს: „ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილის ლიკვიდაციას გეგმავს, რათა ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს.
უცნობია, ბატონი ინაშვილი აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რამდენად სანდო წყაროს ეყრდნობა. პოლიტიკით მეტ - ნაკლებად დაინტერესებულთათვის კი, არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს და მათთან ერთად, მეც შემიძლია არგუმენტირებულად დავასაბუთო და დაბეჯითებით განვაცხადო, რომ არამცთუ ფიზიკური ლიკვიდირება, პრეზიდენტ მარგველაშვილის თავიდან ერთი ბეწვის ჩამოვარდნა, ან მისთვის, თუნდაც სურდოს შეყრაც კი, ყველაზე მეტად, სწორედ რომ „ ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძლევს ხელს და მძიმედაც დააზარალებს! თავად განსაჯეთ: პრეზიდენტ გ.მარგველაშვილის (ღმერთმა დაიფაროს) „ ლიკვიდირება “ ბ. ივანიშვილსა და ი.ღარიბაშვილს იმ ერთად-ერთ არასასურველ თანაგუნდელს ჩამოაცილებს, რომლისგანაც სულ უფრო მზარდი გაუთვალისწინებელი პრობლემები ექმნებათ ქვეყნის ერთპიროვნულად, რუსეთის სასარგებლოდ მართვის საქმეში.
ხოლო „ ნაციონალურ მოძრაობას “ არა მხოლოდ დააკარგვინებს სავარაუდო მოკავშირესა და ვიტყოდი, სასურველ პარტნიორს პრეზიდენტ გ.მარგველაშვილის სახით, არამედ, გააძლიერებს მის დაუნდობელ, დაუძინებელ მტერს ბიძინა ივანიშვილის სახით!“, - წერს ვაჟა ადამია.
მასალის გამოყენების პირობები






