„მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია“, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის პრეზენტაციაზე.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე და აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ათასწლეულის განვითარების მიზნებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რაც გლობალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.
"ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი საქართველოსათვის მარტო იმიტომ არ არის აქტუალური, რომ საქართველო, როგორც მოწინავე მსოფლიოს ნაწილი, უფრო აყვავებულ, განათლებულ და უსაფრთხო გარემოს ესწრაფვის. საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ ხანებში განხორციელებული ინიციატივები და რეფორმები სრულად ასახავს ამ სულისკვეთებას. ჩვენ მიერ შემოღებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დაცვის სქემები და საკვების მიკროელემენტებით გამდიდრების პროგრამები, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისათვის განხორციელებული რეფორმები, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა და ინიციატივა „აწარმოე საქართველოში", რომელიც მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობის სტიმულირებას ისახავს მიზნად, იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სწორედ ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დაუშვებელია, დღეს საქართველოში კვდებოდეს ადამიანი იმის გამო, რომ ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე, იღუპებოდეს ჩვილი, რადგან მისი სრულფასოვანი კვება ვერ ხერხდება; წინსვლის საშუალება არ ეძლეოდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავხედეთ ათასწლეულის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, რათა გაგვერკვია, რომელი მიმართულებით შეიძლება კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა,"-აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზეც ისაუბრა და როგორც განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს გამონახოს პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზები.
„პარალელურად, მსოფლიოში მიმდინარეობს დისკუსია ახალ, მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომელშიც საქართველოც აქტიურად მონაწილეობს,"-დასძინა პრემიერმა.
მანვე მადლობა გადაუხადა სამინისტროებს, გაეროს ადგილობრივ წარმომადგენლობას, მის სპეციალიზებულ სააგენტოებს, არასამთავრობო სექტორს და ყველა იმ სტრუქტურას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული ანგარიშის მომზადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






