პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს.
განცხადებაში საუბარია უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრო.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მასმედიის წარმომადგენლებმა მიმართეს შეკითხვით, ესწრებოდა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უელსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებს.
მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა: „პრეზიდენტმა ჩვენ შეხვედრებს არ დაგვასწრო“.
მოგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა:
1. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) შეხვედრას;
2. შეხვედრას ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან;
3. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან;
4. შეხვედრას ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან
საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ (ტêტე-à-ტêტე) შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დაესწრო უკრაინის, პოლონეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას, რადგან აღნიშნული შეხვედრები გაიმართა დელეგაციათა ხელმძღვანელობის მიღების დროს, რომლის პარალელურად იმართებოდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიღება და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა ამ მიღებაზე.
საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ნატო-ს საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, თუმცა საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. (ალასანიას შეხვედრა ჰქონდა 28+24 ფორმატით)
საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან ამ შეხვედრას დაესწრო გენშტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე.
რაც შეეხება 1+1 ფორმატს, ასეთი ფორმატით გაიმართა მხოლოდ ორი ღონისძიება -
1. მიღება უელსის პრინცის სახელით ნატო-ს უელსის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად;
2. არაოფიციალური სადილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის მოადგილის ნიკ კლეგის სახელით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად.
ორივე ღონისძიებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რაც იმთავითვე განსაზღვრული იყო ნატო-ს პროგრამით”, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შორის არაკოლეგიალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს.
მინისტრი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა საჭიროდ არ ჩათვალა მისი დასწრება ისეთი ფორმატის შეხვედრებზეც კი, რომელიც თავისთავად დელეგაციის ხელმძღვანელისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მონაწილეობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






