რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს უნივერსიტეტი?
1.ეს იქნებოდა ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც გასცემდა ამერიკულ დიპლომს საქართველოში.
2.ამ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავდნენ საუკეთესო ამერიკელი და ქართველი პროფესორები.
3.ამერიკელები დებნენ 20 მილიონ დოლარს ლაბორატორიების შესაქმნელად, რომელიც რეგიონში საუკეთესო იქნებოდა.
4.ეს უნივერსიტეტი სხვა ქართული უნივერსიტეტებისთვის ხარისხის ახალ სტანდარტს დააწესებდა.
5.უნივერსიტეტი მოიზიდავდა ბევრ სტუდენტს რეგიონიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან. თავად ამერიკელებმა დააფინანსეს და ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახდებოდა განათლების ცენტრი მთელი რეგიონისთვის.
6.უნივერსიტეტი გააცოცხლებდა ბათუმს ზამთრის პერიოდში.
7.ათასობით ადამიანი დასაქმდებოდა მის სტრუქტურებში.
ბევრი ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესწავლა საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში, მიიღებდა მსოფლიო დონის განათლებას.
8.ამ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნებოდა სტრუქტურა ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
9.ეს იქნებოდა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმული ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით.
სამწუხაროდ, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაფერი გაჩერდა. უნივერსიტეტის უნიკალურ შენობა იყიდება, 40 მილიონი კი ქართულ უნივერსიტეტებს შორის გადანაწილდა. ამ თანხის 80% დაიხარჯება ახალი კურიკულუმების წერასა და ექსპერტების ჰონორარებში და საბოლოოდ მივიღებთ ერთ კახურ ანეკდოტს: „გლეხთან გაჩერდება მანქანა. იქიდან გადმოვა უცხოელი და გლეხს ეტყვის: გინდა გითხრა რამდენი ბატკანი გყავს? სანამ გლეხი უპასუხებს, უცხოელი ამოიღებს კომპიუტერს, რაღაცეებს დათვლის და გლეხს ეტყვის, რომ მას 57 ბატკანი ყავს და ამ ინფორმაციისთვის ერთი ბატკანი ეკუთვნის და მოკიდებს ხელს. გლეხი კითხავს უცხოელს: უკაცრავად, თქვენ საერთაშორისო ექსპერტი ხომ არ ბრძანდებით? როგორ გაიგე? - კითხავს უცხოელი. იმიტომ, რომ თქვენ მითხარით ინფორმაცია, რომელიც მე ისედაც ვიცოდი, რომელიც მე არ მჭირდებოდა და გაუშვი ხელი ჩემს ძაღლს.“
ჩვენ არ გვჭირდება კურიკულუმებზე დახარჯული მილიონები, რადგან არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ამ სასწავლო პროგრამებით ასწავლიან. ბატონმა დვალმა დაწერა განათლების განვითარების სტრატეგია. იქ უმაღლესი განათლების ასპექტი არის Center of Excellence-ის შექმნა, ანუ იგივეს იმეორებს დვალი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და რაც ახლა გაჩერდა.
ამერიკული უნივერსიტეტის გარდა, გაუქმდა მეორე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტები იღებდნენ 1 მილიონიან გრანტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, რომ საზღვარგარეთიდან საუკეთესო პროფესორები ჩამოეყვანათ.
ბათუმის ამერიკული უნივერსიტეტი, სამწუხაროდ, ჩვენი აუსრულებელი ოცნებების სიმბოლო გახდა.
დიმიტრი შაშკინი
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






