ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიულოცა.
„გერქვას უნივერსიტეტელი და სწავლობდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და, მეორე მხრივ, ძალიან დიდი ტვირთი, რადგან ეს სახელი ღირსეულად უნდა ატარო. დარწმუნებული ვარ, პირველკურსელები შეუერთდებიან დანარჩენ სტუდენტებს ამ სახელის ღირსეულად ტარებაში,“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, უკეთესი მომავლის შექმნა, პირველ რიგში, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებასთან არის დაკავშირებული. „ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ცხოვრების გზა უფრო ადვილად გავიკვლიოთ, რაც არც ისე მარტივია,“ - მიმართა დავით ნარმანიამ სტუდენტებს.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქის მერად არჩევამდე და მინისტრობამდე უნივერსიტეტელი იყო, რაც მისთვის ძალზე საამაყოა.
მასალის გამოყენების პირობები






