საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ გააკეთა.
ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ წევრობისთვის მოსამზადებლად საქართველო-ს ნატო-მ არსებითი პაკეტი უელსის სამიტზე გადასცა.
გენერალური მდივნის მოადგილეს ბრიუსელში „მოამბის“ კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა ესაუბრა.
ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში იმ კომენტარებს გამოეხმაურა, რომელიც ექსპერტთა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დეკლარაციას მოჰყვა. კერძოდ იმ ნაწილს, სადაც ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზეა საუბარი.
ჯეიმს აპატურაის არ ესმის, რატომ მოხდა ინტერპრეტაცია და ფრაზების არასწორად გაგება.
„მე ვიცი რომ ძალიან ბევრი, ძალიან ყურადღებით იყურება კომუნიკეში, რომელი ინდივიდუალური სიტყვა რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ გულახდილად მინდა გითხრათ, რომ ძალიან შორს არ უნდა წავიდეთ.
ალიანსის წევრები თანხმდებიან შემდეგზე, პირველი - საქართველო, როგორც ქვეყანა არის ევროატლანტიკური სივრცის წევრი, საქართველოს მოქალაქეები არიან ევროატლანტიკური სივრცის მოქალაქეები, ნატოს წესდების მე-10 მუხლში ვკითხულობთ, რომ ნატო ღიაა ევროპული დემოკრატიებისთვის, ჩვენ დავწერეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ნატოს მიდგომა ნათელია და ეჭვების საფუძველს არ ტოვებს.
მეორე, რაც შეეხება კონფლიქტებს, - ნატო ამბობს, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ხელს უშლის ადამიანებს შესაძლებლობების გამოყენებაში, მაგალითად, რომ იმოგზაურონ, ისარგებლონ ეკონომიკური და კულტურული შესაძლებლობებით, აქ პოლიტიკური თავისუფლებაც იგულისხმება. ვფიქრობ, რომ ამ შესაძლებლობებს სწორედ გაჭიანურებული კონფლიქტების გამო არიან მოკლებულები ინდივიდუალური პირები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ისინი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, არიან ევროატლანტიკური სივრცის მოქალაქეები, სიტყვა მოქალაქესთან დაკავშირებით ზედმეტ ინტერპრეტაციებს არ უნდა ქონდეს ადგილი. საქართველო, როგორც ქვეყანა და მისი მოქალაქეებიც, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ეს არის პასუხი ამ საკითხზე. არავითარი სხვა აზრი არ დევს და ვერც ჩაიდებოდა.
ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ნატო მოუწოდებს რუსეთს, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება",- განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






