„თბილისის წინა მთავრობასა და "ლიბერთი ბანკის" გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება მერიასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2010 წელის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ, რომელიც მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე შეისწავლა.
"2013 წლის 17 აპრილს, მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპროცენტო სარგებელის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: მინიმალური ზღვარი 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4%. აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ხოლო ევროში არსებულ თანხებს ასევე 2%. ვხედავთ, რომ პროცენტები საგრძნობლად არის შემცირებული, 40 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე განისაზღვრა 4%, იმ დროს როდესაც ნაშთზე არსებული თანხა უმეტესწილად 40 მილიონ ლარზე მეტია. დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებული თანხაზე დარიცხული პროცენტების შემცირება, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირებაზე შეთავაზება ბანკის მხრიდან გაკეთდა, მაშინ მერია არ უნდა დათანხმებულიყო და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი, ხოლო თუ მერიის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, მით უფრო უარესი", - განაცხადა ნარმანიამ და ვარაუდი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით.
„ მოძიებული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა და სწორედ სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ 2013 წლის ხელშეკრულების რეალურ მიზანს და ასევე შესაძლო კერძო ინტერესებს“, - აცხადებს ნარმანია.
მასალის გამოყენების პირობები






