პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველ სტრუქტურებს მოუწოდებს, ქობულეთში მომხდარ პროვოკაციაში მონაწილეებს პასუხი სწრაფად აგებინონ.
მისი თქმით, ის რაც ქობულეთში მოხდა არის რელიგიური შეუწყნარებლობა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება.
„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.
ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.
მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილმა ღორი დაკლა და შინაური ცხოველის თავი სახლის კარზე ჩამოკიდა. როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, ამ რიტუალით მათ მუსლიმური მედრესეს მშენებლობა გააპროტესტეს, რომელიც მათი თქმით, მეზობლად იგეგმება.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები






