თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპატრამენტის დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო.
შიხიაშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც პრემიერმა გამოუცხადა.
„პრემიერის სურვილი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ამ თანამდებობაზე დავნიშნულიყავი. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და ყველაფერი გავაკეთო, რომ მათი მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. მინდა, როგორც ვეტერანებს, ისევე საზოგადოებას, განვუცხადო, რომ ძალებს არ დავიშურებ იმისთვის, რომ ვეტერანთა მდგომარეობა, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაუმჯობესდეს. ასევე, მეტი ინფორმაცია მიიღოს ხალხმა მათ მიერ ჩადენილი გმირობების, საქმიანობის შესახებ. თუ როგორი გმირები ჰყავს ქვეყანას და რის ფასად იცავდნენ სამშობლოს. ჩემთვის, როგორც სამსახურის დირექტორისთვის და მთავრობისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანების წარსულის ტკივილით ცხოვრება დასრულდეს, დაბრუნდნენ აწმყოში და მომავალს თვალი იმედით გაუსწორონ. კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ვეტერანი და ძალიან კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში არიან დღეს. მინდა ეს გამოწვევა მივიღო და მათ წინაშე პირნათელი ვიყო“, - განაცხადა შიხიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






