გალის რაიონის, ქვედა ზონის სოფლის მოსწავლეები შესაძლოა ქართულენოვანი სკოლების გარეშე დარჩნენ. როგორც „რეზონანსს“ სოფელ გაგიდაში მცხოვრებლებმა გაუნცხადეს, რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები შეიჭრნენ და ქართული ენის სახელმძღვანელოები გაანადგურეს.
მათივე ცნობით, წელს საზღვარზე ქართული სახელმძღვანელოების შეტანაც აიკრძალა. მოსახლეობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქართველების მიმართ დამატებით დაწესებულ „სანქციებზე“ საუბრობს და საქართველოს მთავრობას რეაგირებისა და დახმარებისკენ მოუწოდებს.
სოფელ გაგიდაში მომხდარის გამო გალის რაიონის ქვედაზონის სოფლებში პანიკაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართული ენის შენარჩუნებად ერთადერთი გამოსავალი აფხაზეთი დატოვება რჩებათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჩვენთვის ცხოვრება საკმაოდ გაჭირდა, ვფიქრობდით, რომ დარჩენას აზრი მანამდე ჰქონდა, ვიდრე ბავშვებს ხელიდან დედაენას არ წაართმევდნენ, თუმცა ახლა ეს დროც დადგა. გასული კვირის ბოლოს სკოლის სამასწავლებლოში რამდენიმე რუსი სამხედო შემოვარდა და ქართული ენის სახელმძღვანელოები მასწავლებლების თვალწინ გაანადგურა. მომხდარის გამო ქვედა ზონის ქართულენოვან სკოლებში სრული პანიკაა, თითოეული მათგანი ელოდება, რომ იგივე მათთანაც განმეორედება. მათი მიზანია, რომ ყველა ქართულენოვან სკოლაში სწავლება რუსულად დაიწყონ“,- განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას სოფელ გაგიდას მცხოვრებმა ნელი როგავამ.
კიდევ ერთი ადგილობრივი ოტობაიაში მცხოვრები ირმა სალია ამბობს, რომ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბვას ახლადარჩეული „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციის შემდეგ ელოდებიან.
„თუ წინა ხელისუფლება ახერხებდა იმას, რომ აქ მცხოვრებ ქართველობას ქართული განათლება მიეღო, ახლა რატომ არ შეიძლება ეს? ეს ხომ ქართული სულის ჩაკვლაა და მეტი არაფერი.დღეს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ან აქაურობა უნდა დავტოვოთ ან რუსებს ფეხები დავუკოცნოთ“,- განაცხადა ირმა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






