„ხელფასი და დანამატი კანონით არის რეგულირებული, მიმითითონ სად არის დარღვევა, დარღვევა არ არის, იმიტომ რომ ხელფასი და დანამატის სისტემა მაგათაც აქვთ. უფასოდ უნდა გვემუშავა, თუ როგორ?! ეს არის იმ დროის განმავლობაში აღებული, როცა ვიმუშავე, მაშინ დათვალონ სიცოცხლის განმავლობაში რა დამიხარჯავს. ეს არის სისულელე და ციფრებით უსინდისო მანიპულირება. ნარმანიამ თავისი მთავრობის პრემიები - ის 138 მილიონი შეადაროს მერიაში აღებულ პრემიებს და დანამატი "ქართული ოცნების" "უმრავლეოსობის", შიხიაშვილის, მთელი 12 კომისიის აღებულს, თუ რას იღებდნენ და თუ არ იღებდნენ მეტს, ნახავენ“,- აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
უგრეხელიძე აცხადებს, რომ მერიაში უდიპლომო და უბიოგრაფიო ხალხის დასაქმება ხდება, ადგილი აქვს ნეპოტიზმს და პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლებას.
„ნარმანიამ, რომელსაც თითქოს თვლა კარგად უნდა ეხერხებოდეს, როგორც ჩანს თვლაც არ იცის. ჩართულები არიან ნეპოტიზმსა და კორუფციაში, მთელს თავიანთ ნათესაობას, უბიოგრაფიო ხალხს ახლა მერიაში ასაქმებენ, რომლებსაც მგონი დიპლომიც არ აქვთ, ადამიანებს გარეთ პოლიტიკური ნიშნით ყრიან. ეს ყველაფერი არის გადაფარვის მცდელობა. პროფესიონალებს გარეთ პოლიტიკური ნიშნით ყრიან და თვითონ ისიც კი არ შეუძლიათ, რომ მერიაში ნორმალური მიღება ჩაატარონ, თავიანთი კადრებით მიღებასაც კი ვერ ატარებენ. რასაც თვითონ აკეთებენ იმ უკანონობის გადაფარვა უნდათ - ნეპოტიზმის, ცოლის ძმებისა და დის ქმრების დასაქმება, ამას მიხედონ ჯობია“, - განაცხადა უგრეხელიძემ.
ყოფილმა ვიცე-მერმა „ნიუპოსტთან“ საუბარში დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის ,,ფინია ძაღლს" შეადარა და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მერი ყოფილი პრემიერის ყველა დავალებას ასრულებს.
„ციფრებით მანიპულირებას ეკონომისტობა არ ჭირდება, ყველას შეუძლია თუ სინდისი არ აქვს, უსინდისობა პირადად ნარმანიას საკმარისად აქვს. მას ხელი აქვს ნამუსზე აღებული და რაზეც არ უნდა დაუძახოს ივანიშვილმა და რაც არ უნდა დაავალოს, ძვალს გადაუგდებს და ყველა დავალებას შეასრულებს და ყველას ეცემა კოჭებში საკბენად. როგორც ფინია ძაღლი, ნარმანია ამას ასრულებს, მართალია ცუდად ასრულებს, ორიანზე, მაგრამ მაინც..“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელიც დედაქალაქის მერიის ყოფილი მაღალჩინოსების პრემიებსა და სახელფასო დანამატს ასახავს.
საუბარია სევდია უგრეხელიძესა და მის 6 მოადგილეზე: ირაკლი აბესაძის, შოთა ხიზანიშვილის, პაპუნა პეტრიაშვილის, დავით ნინიძის, დავით ალავიძისა და ტარიელ ხიზანეიშვილის ანაგარიშზე დარიცხულ პრემიებსა და სახელფსო დანამატებზე.
სევდია უგრეხელიძეს 2014 წლის ივნისის მონაცემებით, როდესაც სტანდარტულად ხელფსი 2950 ლარი აქვს - აღებულია დანამატი 3600 ლარზე მეტი და პრემია 2900 ლარზე მეტი.
რაც შეეხება ჯამურად 2013 წელს სევდია უგრეხელიძეს სრულად აქვს მიღებული 89 ათას ლარზე მეტი და აქედან ხელფასი არის მხოლოდ 30 ათასი.
ცნობისთვის, ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკიდან" გახდა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






