დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჩუღურეთში შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაგა-ბაღი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყო განთავსებული, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაუბრუნდა. ნარმანიას განცხადებით, სამარცხვინოა, რომ ბავშვებს ბაღის შენობა დაატოვებინეს და პოლიტიკური პარტიის ოფისი გახსნეს.
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კიევის ქუჩაზე განთავსებული ბაგა-ბაღი იჯარით ჰქონდათ აღებული, რომელშიც შესაბამის ქირასაც იხდიდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჯავახაძე აცხადებს, რომ იმის დასადასტურებლად, რომ პარტიამ ბაგა-ბაღის ოფისი ქალაქის მთავრობას უკან გადასცა, შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს.
,,რაც შეეხება ამ ბაგა-ბაღს, ეს ფართი ჩვენ იჯარით გვქონდა აღებული, მაგრამ არანაირად არ იყო ეს თვითნებურად. თბილისის მთავრობის დადგენილებით იყო ეს ოფისი გადმოცემული და ვიხდიდით ქირას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. 2013 წელს მოვიძიე დოკუმენტაცია - 2013 წლის 29 აგვისტოს გენერალური მდივნის მოადგილის მიერ არის მიწერილი წერილი თბიილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომ უკან ვაბრუნებდით ამ ფართს. სექტემბერში არის ქონების მართვის სააგენტოს ბრძანება, რომ შეწყდა ჩვენთან ხელშეკრულება და ეს ოფისი დაუბრუნდა ქალაქის მთავრობას. ის, მოსაზრება, რომ ჩვენ ეს ვიღაცას წავართვით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამის დოკუმენტიაცია ჩვენთან საფინანსო განყოფილებაში არსებობს“, - აცხადებს ლელა ჯავახაძე.
,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც ,,ნაცონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას იჯარით აღებული ბაგა-ბაღი 2013 წელს უკან გადასცა.


მასალის გამოყენების პირობები






