"ჩვენ უნდა გამოვყოთ ორი კომპონენტი , როდესაც ნატოსთან დაახლოვებაზე და გაწევრიანებაზე ვლაპარაკობთ, ერთი არის სამხედრო კომპონენტი და მეორე არის პოლიტიკური კომპონენტი. ის რაც სამხედრო კომპონენტში გამოიხატება იმ პაკეტის თვალსაზრისით, რასაც დღეს ჩვენს ქვეყანას სთავაზობენ, ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისშემწყობი იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, არამედ საქართველოს როგორც ერთიანი უსაფრთხოების ნაწილად მოაზრებისათვის."- განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნაში ეკა ტყეშელაშვილი საფრთხეს ვერ ხედავს. „ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ მსოფლმხედველობიდან როცა ნატოს მიერ გადადგმულ ნაბიჯების საპასუხოდ მივიჩნევთ რუსეთის განხორციელებულ ქმედებებს. რუსეთს აქვს თავისი განსაზღვრული პოლიტიკა, რომელშიც ის თვლის, რომ არის წარმატებული. დღეს მნიშვნელოვანია ამ იმპერიის აღდგენის პოლიტიკასთან ეფექტური მოქმედებით დაპირისპირება.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნატოს პოლიტიკური მესიჯი, რადგან ის რომ ჩვენ მოვიაზრებით სამხედრო ურთიერთობის თვალსაზრისით ელიტარულ ჯგუფში 28+5, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ შევხედავთ ეს არის ჯგუფი იმ ქვეყნების, რომელიც არ მოიაზრებენ თავს ასპირანტ ქვეყნებად, მათ არ უნდათ გაწევრიანება ნატოში. ამიტომ ჩვენ ეს ურთიერთობები სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში უნდა მოვაქციოთ, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, რომელიც გულისხმობს ნატოში გაწევრიანებას, როგორც ასპირანტმა ქვეყანამ, ეს პროცესი ძალიან აქტიურად უნდა ვაწარმოოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია გამიჯვნა მოხდეს და მხოლოდ 28+5 -ის ფარგლებში არ დარჩეს სრულად საქართველო. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს პოლიტიკური ნაწილი კომუნიკეშიც იყოს დაფიქსირებული და გამყარებული.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პარალელურად დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკას აწარმოებდა მუდამ იყო კითხვები რეალურად შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იმ ფონზე როდესაც საქართველოს ურყევად სურს იყოს დასავლეთის ნაწილი. ჩემის აზრით ეს ურთიერთობა განწირული იყო თავიდანვე, როგორც კი გადამწყვეტი მომენტი დადგებოდა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების და ინტეგრაციის დასავლეთში, რუსეთი გამოაჩენდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ამის მიმართ. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით, არის მომენტები როდესაც არჩევანის წინაშე დგება ერი, ქართველ ხალხს სურს და მოაზრებს თავის თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად. საქართველოს ეს არჩევანირუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მხვერპლად არასოდეს არ უნდა იყოს შეწირული.
მასალის გამოყენების პირობები






