იუსტიციის სამინისტრო ირაღის ტარების შესახებ კანონის გამკაცრების შესახებ, კანონპროექტს მთავრობის მომავალ სხდომაზე წარადგენს.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონოდ ტარებას და თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს.
"თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ იარაღის უკანონო ტარება, იქნება ეს ცივი იარაღი თუ ცეცხლსასროლი იარაღი, არ არის კანონით დაშვებული. იუსტიციის სამინისტრო მთავრობას მომავალ სხდომაზე წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომლითაც გამკაცრდება იარაღის, მით უმეტეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების შესახებ ჩვენს კანონებში არსებული ნორმები“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, კანონპროექტი მთავრობას რამდენიმე დღეში წარედგინება.
"ამ წუთიდან უნდა მოხდეს ყველა ახალგაზრდის გაფრთხილება, რომ მთავრობა იქნება მკაცრი მათთან ბრძოლაში, ვინც იარაღის უკანონო ტარებას და თავის თანატოლზე ხელის აღმართვას გაბედავს", - აღნიშნა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






