თბილისის მთავრობამ 30 მილიონიანი სესხი შესაძლოა აღარ აიღოს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
„შესაძლოა ჩვენ არ დაგვჭირდეს სესხის აღება გამომდინარე სატენდერო ეკონომიებიდან და სხვა რესურსებიდან, მაგრამ თუ მაინც დაგვჭირდება, მივიღეთ თანხმობა სესხის აღებაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო სახსრები მომჭირნედ არ უნდა ვხარჯოთ. ამიტომ, წლის ბოლომდე მაქსიმალურად ქამრები უნდა შემოვიჭიროთ... განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა იმ ადამიანების მიერ აღებულ პრემიებს, რომლებიც ბიუჯეტის განხილვის დროს თბილისის საკრებულო ტრიბუნიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. ამის უფლება მათ არ აქვთ. ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ამ ადამიანების მიერ აღებული მაღალი პრემიების შესახებ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სულ რვა საკითხი განიხილება, თუმცა 30 მილიონიანი სესხის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას. სხდომაზე პირველ საკითხად განიხილავენ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მერიის მიმართ არსებულ დავალიანებებს შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები






