თბილისის მერია ვალის აღებას აპირებს. დედაქალაქის მთავრობა თანხის მიღებას კერძო ბანკებიდან შეეცდება.საუბარი 25 მილიონ ლარზეა, რომელიც წლის ბოლომდე სოციალური ვალდებულებების შესასრულებლადაა საჭირო. თუმცა, მანამდე მერიამ შესაბამისი ნებართვა საკრებულოსგან უნდა მიიღოს. ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში სესხის აღების საკითხის შეტანას მხარს არ უჭერს და რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია განცხადებას ავრცელებს:
"დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე იხილება თბილისის ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 25 024 600 ლარის აღების საკითხი. ფრაქციის "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" წევრებს კარგად გვესმის საკითხის მნიშვნელობა. ისიც გვესმის, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა თბილისის ახლად არჩეულ მერს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე თანხმობის მიცემამდე საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მისი სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა. ფრაქცია თვლის, რომ დაუშვებელია როგორც კონკრეტულად ამ საკითხის, ასევე ზოგადად მსგავსი მნიშვნელობის თემების ასე ნაჩქარევად, ერთ დღეში (დღეს იმართება როგორც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ისე ბიუროსა და საკრებულოს სხდომები) განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ასეთ საკითხებზე თბილისის საკრებულომ, პოლიტიკურმა ფრაქციებმა საფუძვლიანად უნდა იმსჯელონ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების (რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა წარსულში) შედეგია არა მხოლოდ თბილისის დეფიციტური ბიუჯეტი, არამედ დედაქალაქში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები.
ფრაქციამ თხოვნით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა საკითხი ადეკვატურ ვადებში განხილულიყო და არ შესულიყო დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში. ხაზი გაესვა იმასაც, რომ მსგავსი პრაქტიკა აკნინებს საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს, როლსა და ფუნქციას. სამწუხაროდ, ფრაქციის თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" ვერ დაუჭერს მხარს საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანას და შესაბამისად, არ მიიღებს მონაწილეობას 2 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ფრაქციის წევრები _ ხათუნა სამნიძე, გულიკო ზუმბაძე, დავით ზურაბიშვილი და ტრისტან ჯინჭარაძე აწერენ. ვალის აღებას მხარს არ უჭერს "ნაციონალური მოძრაობაც".
მასალის გამოყენების პირობები






