საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს. დეპუტატის თქმით, სასამართლოში თავის მართლება იმ ადამიანებს მოუწევთ, რომლებმაც “სქაი ბარში” მომხდარი ტრაგედია მის შვილთან დააკავშირეს.
“ჩემმა შვილმა, რატი მილორავამ საკმაოდ ბევრი ტრავმა მიიღო ჩემს გამო და მგონი, საკმარისია მასზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევების განხორციელება. ის თბილისში უკვე თვეზე მეტია არ ყოფილა. ერთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ რატი მთელი თვის განმავლობაში თბილისში ნახა. ძალიან მიკვირს, რომ ტელევიზიის ყურადღების ცენტრშიც კი მოექცა ორღობის ჭორის დონეზე გავრცელებული მეზღაპრეობა. ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: ყველა ამ ცილისწამებაზე სასამართლოში მიბრძანდებიან და პასუხს იქ აგებენ. უნდა დამკვიდრდეს ელემენტარული პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის თავს, მედიის ნაწილს უწოდებს”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელია ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “სქაი ბარში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული რატი მილორავას მეგობარია.
„სქაი ბარის“ დიჯეი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიაზე მოკლეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომენტში ადგილზე ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავაც იმყოფებოდა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






