შესაძლოა საქართველოში ნატოს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა უელსის სამიტის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენმა უელსის სამიტის დღისწესრიგზე და ალიანსის სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა, 4-5 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო ალიანსისგან თანამშრომლობის ახალ პაკეტს მიიღებს, რომელიც ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოს ნატოსთან უფრო მეტად დაახლოებს.
ნატოს ხელმძღვანელმა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა ის საკითხები, რომლებიც ამ პაკეტში იქნება შესული. საუბარია საქართველოს მონაწილოების გააქტიურებაზე ნატოს სამხედრო წვრთნაში და საქართველოში სამხედრო, საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესძლებლობაზე.
„პაკეტი, რომელსაც საქართველო მიიღებს, უფრო მეტად დაახლოებს მას ნატოსთან, შევქმნით თავდაცვის შესაძლებლობებისათვის სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმებსა და მოდერნიზებაში, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ მათ ნატოს შენაერთებთან ერთად. სამხედრო წვრთნები შესაძლოა ორგანიზებული იყოს საქართველოში, რომელშიც ჩართული იქნებიან ნატოს პარტნიორები, ასევე განვიხილავთ სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას“,- განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






