„ნიუ-იორკში პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები უცვლელია და გიორგი მარგველაშვილი კლიმატის ცვლილებების სამიტს დაესწრება“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური დასტური გაერო-ს გენერალურ მდივანთან უკვე გაგზავნილია.
"საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის გაერო-ში ჩადის და ექნება იქ სიტყვით გამოსვლა. დანარჩენ სხვა თემაზე, რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამჟამად, საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს პოზიცია საგარეომ იცის და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. დამალული არაფერი ყოფილა. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია და ჩვენს გარეშე როგორ შეიცვლებოდა რამე? პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით, ოფიციალური დასტური გაერო-ს გენმდივნის სახელზე გაგზავნილია", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერო-ს მიერ ორგანიზებულ სამიტს კლიმატის ცვლილებების საკითხზე პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ნიუ იორკში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ დღეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან დაადასტურა, რომ ყველა ფორუმზე მონაწილეობას ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






