ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შორი პერსპექტივაა. კახიშვილის თქმით, ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკლე პერიოდში ინტერპოლმა მიიღოს გადაწყვეტილება და სააკაშვილი ჩასვას ძებნილთა ცირკულარში.
„როცა ექსპრეზიდენტის მიმართ ძებნის გამოცხადების სურვილი გვაქვს, ინტერპოლის წითელი ცირკულარით, უნდა გაითვალისწინო, რომ ის არის პოლიტიკის ნაწილი. გაფლანგვებსა და სხვა ტიპის დანაშაულზე ინტერპოლი, როგორც წესი, ძებნას არ აცხადებს.
თუკი პროკურატურას სურდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობას ჰქონოდა განცდა, რომ სააკაშვილი უნდა ყოფილიყო ექსტრადირებული, სხვა ტიპის დანაშაულში უნდა ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში პირველ ეტაპზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობა გაგებით მოეკიდებოდა ამ საკითხს. კერძოდ, გამოძიება უნდა წასულიყო მკვლელობებისა და ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გზით. ის, რომ სააკაშვილს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ადამიანების სიცოცხლის მოსპობაში, პროკურატურის მხრიდან ეს მინიშნება ზედაპირულად კეთდება და რეალურად, ბრალი წაყენებული აქვს თანხების გაფლანგვაზე, 7 ნოემბერზე... სიმართლე გითხრათ არ ვიც, 7 ნოემბერზე პროკურატურას მტკიცებულების რა ბაზა აქვს.
მე არ მგონია, მოკლე პერიოდში ინტერპოლმა მიიღოს გადაწყვეტილება და სააკაშვილი ჩასვას ძებნილთა ცირკულარში. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის მიმართ გამოცხადდება ძებნა, რისი ალბათობაც, ვიმეორებ, ძალიან მცირეა, შემდგომში სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხს წყვეტს იმ ქვეყნის სასამართლო, სადაც ის იქნება დაკავებული. ასე, რომ ეს არის ძალინ შორი პერსპექტივა“, - აცხადებს კახიშვილი „ქრონიკასთან“ საუბარში.
ექსპერტი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ სარფში ჩატარებულ თათბირსაც აფასებს.
„რაც შეეხება სარფში მის პოლიტიკურ თათბირს, აქ უცნაური არაფერი არ არის, ამას მანამდეც აკეთებდა, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პირადად ხვდებოდა თავის თანაპარტიელებს უკრაინაში, აშშ-ში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ 30 აგვისტოს მან ხაზი გაუსვა, რომ ის არის საქართველოს მეზობელ ტერიტორიაზე და საქართველოს მართლმსაჯულებისთვის ის არის მიუღწეველი, რითაც მან მოახდინა ძალის დემონსტრირება“, - ამბობს კახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






