საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უკრაინაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, თუმცა შეეცდება, ვითარების დასტაბილურებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
“ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. ჩვენი მხრივ ჩვენ, როგორც ქვეყანა, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ის მოვლენები, რომელიც უკვე დიდი ხანია, ვითარდება, დასტაბილურდეს და მშვიდობა იყოს უკრაინაში. რაც შეეხება სამხედრო ტექნიკით დახმარებას, ეს სიახლეა ჩემთვის და საქართველო არანაირი სამხედრო ტექნიკით ბრძოლებში ჩაბმას არ აპირებს”, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
კალაძის თქმით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ, რუსეთთან ღია დაპირისპირებაზე არ წავიდნენ.
“თუნდაც ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, უკრაინას შეუძლია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაც. ამიტომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული დიდი ქვეყნების პოლიტიკაში, რადგან ამ ვითარებაში გალახულები ისევ ჩვენ გამოვდივართ”, - აღნიშნა კალაძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






