საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მზად არის გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს და იგი დეპუტატის იმუნიტეტს არ გამოიყენებს. ბაქრაძე პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული:
„ეს არის კერძო ქონების გაყიდვით მიღებული სრულიად კანონიერი თანხა, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს არც პოლიტიკასთან ან ბიუჯეტის და სხვა სახელმწიფო წყაროებთან.
რაც შეეხება იმ თემას, რატომ მოხვდა ან არ მოხვდა ეს თანხა ჩემს ფინანსურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცავდი კანონს, რომლის მიხედვითაც, დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს, მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს. ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომელიც თავის დროზე, სრულწლოვანების შემდეგ, გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემს შვილებსაც. ვფიქრობ, რომ მართალი ვარ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვიქნები პასუხი გავცე ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას და ამ შემთხვევაში პროკურატურას ექნება და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მოვითხოვო ისიც, გამოძიებული იყოს, როგორ ხვდება ეს პირადი წერილები და პირადი ინფორმაცია ვებსივრცეში და მოვითხოვოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ვინმე დაისაჯოს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






