„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მმართველ გუნდში NDI-ის კვლევებს არ ენდობიან, დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზულად უყურებენ. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ეს მოდა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ არ ვენდობით ჩვენ არავის, არც IRI-ის კვლევებს არ ვენდობით, არც NDI-ის, მარტო ბიგვავას კვლევებს ვენდობით... მე დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ენდობიან და იმედია ხვდებიან, რომ მათი რეიტინგი მცირდება და თუ უნდათ გამოასწორონ მუშაობა, ეს კვლევები უნდა გაითვალისიწინონ. თუ მართლა არ სჯერათ NDI-ის კვლევების, მაშინ უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, ვიდრე ახლა“,- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
როგორც დღევანდელი კვლევებიდან გახდა ცნობილი, კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 30%-თვის ასეთად არცერთი პარტია არ მოიაზრება.
აღნიშნული მაჩვენებელის გაზრდა, ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში იმედგაცრუებით ახსნა.
„ეს გამოწვეულია იმედგაცრუებით, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ მათ ისეთი დაპირებები გასცეს, 4 ბიძინა ივანიშვილის ფული არ ეყოფოდა, ანუ ეცემა „ოცნების“ რეიტინგი, პარალელურად არ ხდება მაინცდამაინც სწრაფად „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის ზრდა, ამიტომაც იზრდება უკმაყოფილო ხალხის მასა. ეს ძირთადად იმ ხალხის მასაა, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ვინც ჰყავდა ამომრჩეველი, მათ ძირითადად შეინარჩუნეს“,- აცხადებს ექსპერტი.
საქართველოს მოსახლეობა ხომ არ არის ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში, შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ახალი ძალის გამოჩენა ოლი არ არის.
,,პირველ რიგში ორი სერიოზული ფაქტორია საჭირო, ახალი ძალა რომ გამოჩნდეს. პირველი: სჭირდება ძლიერი ქარიზმატული ლიდერი, მეორე ფული და თავისთავად კარგი გუნდი. ასე იოლად კი საქართველოში, რომელიც ღარიბი ქვეყანაა და ბიზნესები მოქმედი მთავრობის მიერაა ძირითადად მონოპოლიზებული, ფულის შოვნა არ არის იოლი“,- აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ და დასძინა, რომ ეს ეხება როგორც მოქმედ, ისე წინა მთავრობას.
NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებიდან დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალსანია რეიტინგში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსწრებს.
შარაშენიძის შეფასებით, ხალხი დაიღალა პოლიტიკური კინკლაობით და მათი სიმპათია იხრება მისკენ, ვინც ნაკლებად ერება პოლიტიკურ გარჩევებში.
„ხალხი დაიღალა შიდა პოლიტიკური გარჩევებით, ჩხუბით და კინკლაობით. ის პოლიტიკოსი, ვინც შიდა პოლიტიკურ გარჩევებში არ ერევა უფრო პოპულარულია, იმიტომ რომ ის ნაკლებად აღიზიანებს, ხალხი იღლება ჩხუბით, 24 საათი ტელევიზოირში ჩხუბია. ორი პარტია ერთმანეთს ხოცავს, ხანდახან ვიღაცეებიც ჩაერთვებიან ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაინც ორი პარტია დომინირებს. როგორც ჩანს ხალხი დაიღალა“.
შარაშენიძის თქმით, მთავარი მესიჯი, რომელიც ამ კვლევებიდან პოლიტიკოსებმა უნდა გამოიტანონ, არის ის, რომ ხალხს ლანძღვა მობეზრდა და ახლა საქმის დანახვა სჭირდება.
„რაც უფრო ნაკლებად ჩაერევი შიდა პოიტიკურ გარჩევებში და რაც უფრო ნაკლებად გალანძღავ მოწინააღმდეგე მხარეს უკეთესია. ხალხს სჭირდება საქმის დანახვა, ეს არის მთავარი მესიჯი, რომელიც ამ კლევიდან ყველა პოლიტიკოსმა, მათ შორის ღარიბაშვილმაც უნდა გამოიტანოს“,- ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი მარგველაშვილ-ივანიშვილის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის ზრდა ორი ფაქტორისგან არის გამოწვეული. მისივე თქმით, პირველი, ეს არის ჩაგრულის ფაქტორი და მეორე ის, რომ პრეზდიენტი შიდა პოლიტიკურ გარჩევებში არ ერევა.
„რაც შეეხება მარგველაშვილის რეიტინგს აქ არის ორი ფაქტორი, პირველი, ის ფაქტორია რაც ალასანიას შემთხვევაშიც მუშაობს, რომ არ ერევა შიდა პოლიტიკურ გარჩევებში და ასე ვთქვათ ნაკლებად აგრესიულია და მეორე, ის რომ რაღაცნაირად ჩაგრულის იმიჯში უფროა, ხან „ასავალ-დასავალი“ ებრძვის, ხან „ალია“, ხან ვინ ებრძვის, ხან ვინ.. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა მასზე ნადირობა და ამ შემთხვევაში მისკენ სიმპატიები იხრება, როგორც ჩაგრულისკენ, ასე ვხსნი მე... ორი ფაქტორია, ჩაგრულის მიმართ სიმპატიები და მეორე ფაქტორი, რომ არ ერევა შიდა პოლიტიკურ გარჩევებში, ჩხუბში და აყალმაყალში“,- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტმა.
გიორგი მარგველაშვილის რეიტინგის ზრდა ხომ არ განაპირობა მისმა თამამმა გადაწყვეტილებებმა, მაგალითად მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში შესვლამ, ექსპერტი აცხადებს, რომ ივანიშვილის რეაქცია ამასთან დაკავშირებით ხალხისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.
„სასახლეში მისი შესვლა არ ვიცი ვის მოეწონა, ვის არ მოეწონა, მაგრამ ჩემი აზრით ის რეაქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით, ხალხმა ვერ გაიგო ეს რეაქცია, გაუგებარი იყო რის გამო მოხდა, შევიდა, მაგრამ რა გააფუჭა ახლა ამით?! ეს არის ალბათ ის, რომ ხალხს არ ესმის რის გამო ეჩხუბნენ მას, იმიტომ რომ სასახლეში შესვლა მე მგონი არ არის მაინცდამაინც დამაჯერებელი არგუმენტი, რომ მოიძულო შენი გუნდის წევრი, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“,- განაცხადა შარაშენიძემ.ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






