საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის, ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში ჩატარებული "საპრეზიდენტო არჩევნების" არ აღიარებისათვის მადლობა გადაუხადა, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც რუმინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით გამოხატავს.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც ასევე სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში. გიორგი მარგველაშვილმა და ტრაიან ბასესკუმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.
საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






