საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში იმყოფებოდა. როგორც პრემიერმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება.
„გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის შტაბის წარმომადგენლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაური სტიქიის ზონაში დღეს, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და სტიქიით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






