საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დაბრუნებაში საქართველოს დაეხმარება:
„არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები, მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ არჩევნებს რომელიც აფხაზეთში ჩატარდება არავითარი საერთო არ ექნება ხალხის ნების გამოვლენასთან. ჩვენ გვაღელვებს ის თუ როგორ ვითარებაში აღმოჩნდება ახალ, შეცვლილ გარემოში გალის ქართველი მოსახლეობა. რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი არაფერი საერთო არ აქვს აფხაზეთთან, გარდა საკუთარი ინტერესებისა. ჩვენი ძლიერი ნაბიჯები იქნება მასტიმულირებელი აფხაზებისთვის და ცხინვალელი ოსებისთვის.
უნდა გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკის მყარი მხარდაჭერა, უნდა გავაღმავოთ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში მხარდაჭერა. ეს რაც შეიძლება მალე დააახლოებს ორ საზოგადოებას ერთმანეთთან. ომით ეს კონფლიქტი ვერ გადაწყდება, დაგვრჩა ერთადერთი დავიბრუნოთ მათი რწმენა და გავაგრძელოთ ევროპისკენ სვლა.
საქართველოს ჰყავს მეგობრები, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებულად საუბრობენ საქართველოს მომავალზე, არამედ კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
24 აგვისტოს ოკუპრებულ აფხაზეთში არაღიარებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს, სავარაუდოდ მოიგებს ის, ვინც უფრო მეტად პრორუსული იქნება. დეფაქტო პირველობისთვის იბრძვიან: რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, მერაბ ქიშმარია და ლეონიდ ძიაპშპა. ოთხივე მათგანისთვის აფხაზეთის მომავალი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია. აფხაზეთში კრემლთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზეც საუბრობენ, რასაც ექსპერტები ანექსიის გაფორმებად აფასებენ.
გალის ქართულ მოსახლეობას ქართული პასპოპრტების გამო ხმის მიცემა აეკრძალათ.
მასალის გამოყენების პირობები






