უმნიშვნელოვანესს უწოდებს სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოც ფიგურირებს. ალექსი პეტრიაშვილის თქმით ყირიმში მიმდინარე მოვლენების ფონზე მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საყურადღებოა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი, მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და რა თქმა უნდა აღიარება იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ეს არის მიმართვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისკენ საჭიროების შემთხვევაში მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ექსპორტიორებს გაუწიონ ყველა შესაძლო დახმარება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ მოახდინონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა ევროკომისიას ეფექტურად დაეხმაროს სამივე ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა ბერკეტით.
მასალის გამოყენების პირობები






