საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეცეპტების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას სერგეენკომ განმარტა, რომ მსგავსი სისტემის შემოღება რამდენიმე ფაქტორის გამო გახდა საჭირო:
„ხშირად წამალს სამკურნალო თვისებებთან ერთად აქვს გვერდითი მოვლენები და არადანიშნულებისამებრ მიღების დროს იწვევს ნარკოტიკულ თრობას, ეიფორიას, ასოციალურ ქმედებებს. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, სჯობს, ექიმმა ინდივიდუალურად შეურჩიოს წამალი, ვიდრე პაციენტი იყოს დამოკიდებული არჩევანზე: ენდოს პირად გამოცდილებას, რეკლამას თუ ახლობლის რჩევას. რეცეპტის აუცილებლობა განპირობებულია სწორედ პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამასთან, სააფთიაქო ნარკომანია იყო აბსოლუტურად უკონტროლო და კასკადურად მზარდი პრობლემა, რომელმაც, პრაქტიკულად, თაობები გაანადგურა, ქრონიკული დაავადებების მართვა კი გახდა უკიდურესად არაეფექტური. ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მედიკამენტები უნდა მიიღო ხანგრძლივად, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში და სწორად შერჩეული წამლებით დაავადებას მართავ ისე, რომ არ დაიზიანო ორგანიზმი.
თვითმკურნალობის პრობლემა კიდევ ორ ნაწილად იყოფა: ერთი მხრივ, ოჯახის ექიმისა და საზოგადოდ, ექიმის ინსტიტუტი დევალვირებულია, ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა. ამასთან, სამკურნალო საშუალებების რეკლამის მიხედვით პაციენტი თვითონ ირჩევდა, რა წამალი დაელია. ეს ყველაფერი რომ მოგვეგვარებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ რეცეპტის ინსტიტუტის ამუშავება“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
მასალის გამოყენების პირობები






