საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი რეგულაციები მოსახლეობას დისკომფორტს არ შეუქმნის. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, თემის კომენტირებისას, განუცხადა:
“მოგეხსენებათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია და შეხვედრები, როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, ასევე ფართო საზოგადოებასთან. შეხვედრების მიზანია მაქსიმალურად რბილად და მოსახლეობისთვის დისკომფორტის გარეშე მოხდეს იმ რეფორმის გატარება, რომელიც რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენას ეხება.
დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი მათგანია. ვარწმუნებთ ყველას, ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ახალი რეგულაციები მათ არ შეუქმნის დისკომფორტს. პირიქით, ის ემსახურება თქვენი ჯანმრთელობის უკეთესად მოვლას.
სამედიცინო საზოგადოების დამოკიდებულება ამ რეფორმისადმი ცალსახად პოზიტიურია. მათ კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა. რაც შეეხება საზოგადოების მოლოდინს, რომ ეს მათ დამატებით ფინანსურ ან დროის ბარიერს შეუქმნის, ეს მსჯელობა სამართლიანი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ამოქმედებამდე, როცა მათ თანხა უნდა გადაეხადათ. ახლა, შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 100 %-ისთვის ოჯახის ექიმთან ვიზიტი არის უფასო და შეუზღუდავი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






