„პუტინი დამარცხების გზაზეა, მაგრამ მთავარია, რომ მისი აგონია უკრაინელების სიცოცხლის ფასად არ იქცეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინს სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად აგვისტო უყვარს:
„პირველ რიგში პუტინს არ შეუძლია „ტროას ცხენს“ გვერდი აუაროს. საქართველოს შემთხვევაში ეს სამხრეთ ოსეთში რუსი მშვიდობისმყოფელები იყვნენ, რომელზე თავდასხმის სცენარი რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრის წამოსაწყებად განახორიცელა. ამჯერად, უკრაინისთვის საბედნიეროდ, მის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები არ არიან და რუსეთს „ჰუმანიტარული მისიით“ მოუწევს დაკმაყოფილება.
ყოველთვის, როცა პუტინი მშვიდობაზე იწყებს საუბარს, იგი კონფრონტაციების ახალ ეტაპს იწყებს. რუსეთს თავდასხმა აგვისტოში უყვარს, ასე მოხდა აფხაზეთში 1993 წელს და ცხინვალში 2008 წელს. აგვისტო მისაღებია, რადგან ამინდი კარგია სამხედრო მოქმედებებისთვის და დასავლელი პოლიტიკოსები შვებულებებში არიან, ტელევიზიებს კი შედარებით ნაკლები ადამიანი უყურებს მთელი მსოფიოს მასშტაბით.
სწორედ ამიტო, უკრაინა და მთელი მსოფლიო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. პუტინი დამარცხების გზაზეა, მაგრამ მთავარია, რომ მისი აგონია უკრაინელების სიცოცხლის ფასად არ იქცეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშილი.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






