ლევან ხარატიშვილი გურამ ოდიშარიას დროინდელი კადრია და ინფორმაციის თანახმად, ყოფილ მინისტრსაც სურდა მოადგილის პოსტზე მისი დანიშვნა. ხარატიშვილი, დაახლოებით ბოლო ერთი წელია, მინისტრის აპარატის რანგში, აქტიურად მუშაობს კულტურის პოლიტიკის საკითხებზე. ლევან ხარატიშვილი ,,ბაქსვუდის“ სკოლის დირექტორი იყო, საქმიანობდა არასამთავრობო სექტორში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მინისტრის მეოთხე მოადგილის პოსტს ,,ბევრი უმიზნებდა“, თუმცა, წყაროს ცნობით, არჩევანი მაინც ლევან ხარატიშვილზე გაკეთდა.
,,ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადამოწმებისთვის თავად ლევან ხარატიშვილს დაუკავშირდა, მინისტრის აპარატის უფროსი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მინისტრის მეოთხე მოადგილის შესახებ ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.
,,ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. როგორც მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრი იღებს გადაწყვეტილებას მინისტრის წარდგინების შემდეგ, ამიტომ ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ხარატიშვილი.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მის კანდიდატურაზე საუბარი, ხარატიშვილი აცხადებს: ,,საუბრის დონეზე აქ მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით საუბრები. ასე ვერ გეტყვით... კიდევ ვიმეორებ, როგორც კი ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრემიერის მხრიდან, შესაბამისად საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი ამის შესახებ“, - განუცხადა ლევან ხარატიშვილმა ,,ნიუპოსტს“.
მასალის გამოყენების პირობები






