ირაკლი ქურასბედიანი - 1992 წლიდან სამხედრო სამსახურშია, დაამთავრა სამხედრო აკადემია, იბრძოდა აფხაზეთის ომში, იყო სპეცდანიშნულების კოჯრის ნაწილის ჯარისკაცი. „კომანდოს“ ბატალიონის, შემდეგ მე-11 ბრიგადის დაზვერვის უფროსი. სამხედრო კონტრდაზვერის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ირაკლი ქურასბედიანი დღეს უკრაინელი ხალხის გვედრით იბრძვის. ,,ნიუპოსთან“ ინტერვიუში ქართველი სამხედრო დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია.
_ირაკლი რა ვითარებაა მანდ და კონკრეტულად შენ რა მოვალეობას ასრულებ სამხედრო თვალსაზრისით?
_ვეხმარები ხელმძღვანელობას, შტაბს სამხედრო ხასიათის ყველა საკითხის დაგეგმარებაში. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. უკრაინელების მონდომება და გამარჯვების ჟინი სულ უფრო და უფრო მატულობს...
_დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთს გაუჭირდება წინააღმდეგობის გაწევა? შეიარაღების მხრივ თუ აქვთ სეპარატისტებს რაიმე უპირატესობა და აქვთ თუ არა დახმარება ადგილობრვებისგან?
_ადგილობრივებს, ვინც მათ ეხმარებიან, არც ორგანიზებული არიან და არც რაიმე კონკრეტული გეგმა გააჩნიათ, ისინი საზარბაზნე ხორცად არიან გამოყენებული. რაც შეეხება შეიარაღებას, დიდი არაფერი... აქვთ ის, რაც ძველი საბჭოური პერიოდისაა. აქვთ მძიმე ტექნიკა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, აქვთ რეაქტიული საარტილერიო დანადგარები, ე.წ.„გრადები“, თუმცა არა დიდი რაოდენობით, მთელი ტექნიკა ძირითადად ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით არის თავმოყრილი.
ძალიან მალე მოუწევს რუსეთს შეეგუოს საკუთარ დამარცხებას, რაც მიმაჩნია, რომ გარდაუვალია და ეს იქნება არა მარტო უკრაინელი ხალხის გამარჯვება, არამედ ეს პროცესი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის. ამასთან ერთად, უკრანის გამარჯვებას დარწმუნებული ვარ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი რეგიონული პოლიტიკისთვიაც.

_ირაკლი, შენ არაერთი ომი გაქვს გამოვლილი საქართველოში, ჩვენ ვიცით, რომ შენი ძმა, ლაშა ქურასბედიანი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. რუსეთის დამარცხების გლობალურ მნიშვნელობაზე საუბრობდი, მათ შორის საქართველოს კონტექსტშიც... უკრაინიდან ხომ არ იწყებ საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლას?
_უკრაინელები და ქართველები, შეიძლება ითქვას, საერთო უბედურებაში ვიმყოფებით და ამ უბედურებას რუსეთი ჰქვია. მე ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ახალი ტიპის ომია - ეს არის, რუსეთის ხელისუფლების ხელწერა. მათ ერთადერთო სურვილ ამოძრავებთ - დაიბრუნონ ის, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია და რაც აღარასოდეს აღარ იქნება, ეს არის საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია.
თქვენ ახსენეთ ჩემი ბიოგრაფიიდან ერთი დეტალი, აფხაზეთის ომს ვგულისხმობ და მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო, ეს მხოლოდ იმიტომ, თუ რატომ ვარ მე დღეს აქ უკრაინელი ხალხის გვერდით, ამაზე მე უკრაინულ ტელევიზიასთანაც ვისაუბრე. 22 წლის წინ, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვიბრძოდით, ჩვენს გვერდიგვერდ კარგი უკრაინელი ბიჭები იბრძოდნენ. სამწუხაროდ, 16 დაიღუპა. 4 მათგანი საქართველოშია დაკრძალული. მაშინ, ერთ-ერთ უკრაინელ ბიჭს ვკითხე - რატომ ჩამოხვედით, ბიჭებო აქ ჩვენს დასახმარებლად-თქო და ასეთ რამ მიპასუხეს: თუ დღეს მათ გუმისთაზე არ გავაჩერებთ, ხვალ მათი გაჩერება დნეპრთან მოგვიწევსო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ამიტომ ვამბობ, ეს ჩვენი ომიცაა, ქართველების ომი. კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ აქ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოშიც და დამერწმუნეთ, ამ გამარჯვების შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ.

მასალის გამოყენების პირობები






