ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი სიგუა "ფეისბუქზე" იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც კაზანტიპის საქართველოში ჩატარება გადაწყდა.
„მოვიდა დრო ითქვას სიმართლე, მოვიდა დრო აეხადოს ყცელაფერს ფარდა , მოვიდა დრო ნათელმა ჩაანაცვლოს ბნელი და გვირაბის ბოლოში გამოჩნდეს კაშკაშა ნაპერწკალი.
ძალიან ხშირად მეკითხებიან თუ როგორ მოხდა "კაზანტიპი"-ს გადმოსახლების ამბავი საქართველოში. როგორ და სად დავუკავშირდი პირველად ნიკიტა მარშუნოკს, სად შევხვდი მას და რა მიზანი მამოძრავებდა. ვატარებ რა ამ დიდ საიდუმლოს და იქცა ის ჩემთვის რამეთუ უდიდეს ლოდად მარჯვენა მხარზე, მივიღე გადაწყვეტილება ვთქვა სიმართლე და სააშკარაოზე გამოვიტანო ჭეშმარიტება!
იანვრის თვე იყო და ჩემს კარგ მეგობარ გიორგი გეგეჩკორთან ერთად ვსადილობდი. განვიხილავდით მეტად საჭირბოროტო საკითხს თუ სად გავატარებდით ზაფხულის ხანმოკლე შვებულების თუნდაც 2-3 დღეს. სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და ბოლოს ჩვენი არჩევანი ყირიმზე , სოფელ პოპოვკაზე შეჩერდა, სადაც ტრადიციულად ბინადრობდა დიდი ზეტ რესპუბლიკა. გაავწყვიტეთ და ხელიც ხელს დავკარით. გავიდა მცირე ხანი და კი იცით რაც დატრიალდა ნახევარკუნძულზე. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე , რომ იქ მოსახვედრად უკვე საჭირო იყო რუსეთის ვიზების გაკეთება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯთან და არასასიამოვნოდ რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, ჩვენ ავირჩიეთ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გზა. როგორც აღმოსავლური სიბრძნე ღაღადებს: თუ მთა არ მივა მუჰამედთან მუჰამედი მივა მთასთან. ამიტომაც გადავწყვიტეთ რუსეთის ვიზების კეთების და სხვა ხლაფორთის მაგივრად "კაზანტიპი" მოგვეტანა იქ, სადაც ვართ ჩვენ. ასე იყო ეს და დაე შთამომავლობამ, ისტორიამ და პროგრესულმა კაცობრიობამ განსაჯოს აწი ყველაფერი!“, - წერს სიგუა "ფეისბუქზე".
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






