„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტის მიერ ამერიკელი სენატორებისადმი მიწერილ წერილს „სიცრუის და დემაგოგიის კრებულს“ უწოდებს. როგორ „ნიუპოსტთან“ საუბარში დარჩიაშვილი აცხადებს, წარმოუდგენელია ამ წერილით განათლებულ ევროპელ პოლიტიკოსებს რაიმე დააჯერო.
„ეს წერილი არის სიცრუის და დემაგოგიის კრებული, რომელსაც „ქართული ოცნების“ მწერლები წერენ. შეუძლებელია, ამ წერილით განათლებულ ევროპელ ან გამოცდილ პოლიტიკოსს რაიმე დააჯერო. ამ ქყევენაში როდესაც საუბრობენ, რომ სასამართლო და პროკურატურა აბსოლუტურად გამჯნულია მთავრობისგან, ეს არის ტყუილი და დემაგოგია. იმაზე მითითება, რომ კანონში ჩაწერილია, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურორი აღარ ემორჩილება არასწორია. რა მნიშვნელობა აქვს კანონში რა წერია. ასევე, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ვიძიებთ ყველაფერსო, რაფალიანცის საქმე, რომელიც მათი ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი ბერკეტი იყო, დღემდე გამოუძიებელია. ბოდიში მაინც მოიხადონ ამ ყველაფერზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართა. მან სენატორებს რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე დასაკვირვებლად დაპატიჟა.
"...მე მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მიმდინარე სასამართლო პროცესები, რომლებმაც აქამდე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს, რათა თავად დარწმუნდეთ, რომ ბრალდებულთა სასამართლომ კანონის დაცვით ჩაიარა. პროკურორმა უნდა მოახერხოს საქმის სამართლიანად წარმოება და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენა. და თუ ის ამას ვერ შესძლებს, ბრალდებული გამართლდება. ჩემი ქვეყანა თავის მომავალს ურყევად ხედავს დასავლეთთან ინტეგრაციაში. ჩვენი სვლა ამ გზაზე დაკავშირებულია ბევრ ხიფათთან - ჩვენი ქვეყნის ნაწილი უკანონოდ აქვს ოკუპირებული რუსეთს და სულ ახლახანს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო, მათ გაგვიუქმეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავრობა და ქართველი ხალხი ამ მიზნის ერთგული რჩება. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ხელს შეუშლის ჩვენს მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული სასამართლო პროცესი უფრო გააღრმავებს ჩვენს წინსვლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ერი გულწრფელად მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და უპირობო მხარდაჭერას. თქვენთან და ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სახელმწიფოს, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და დინამიკური ეკონომიკით. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოში გამჭვირვალე და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა მოქმედებდეს“, - აღნიშნულია წერილში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






