„რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება უკრაინაში, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„ჩემი თითქმის ყველა მეგობარი დღეს იბრძვის უკრაინაში, რომელთა ოჯახებს აწიოკებენ უშიშროების თანამშრომლები, ოჯახებს ეუბნებიან, რომ თუ ისინი არ მიატოვებენ ბრძოლას, მათ წაეყენებათ ახალი ბრალები და გამოცხადდება ძებნა მათზე, ბევრი ჩემი მეგობარიც ხვალ-ზეგ მიდის და მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გადაიფიქრებენ ჩაუდებენ ნარკოტიკს, ჩაუდებენ იარაღს! უკრაინელები ჩვენ გვეხმარებოდნენ 20 წლის წინ და ჩვენც უნდა დავუდგეთ გვერდში, ეს არ არის მარტო მათი ბრძოლა, იქ რაც უფრო მეტი მტერი, რაც უფრო მეტი ტერორისტი განადგურდება, მით უფრო ნაკლები დაგვხვდება ჩვენ სოხუმში!“, - განაცხადა ახალაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარის 7 მოწმე დაიკითხება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






