საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევი წარედგინა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2014 წლის 8 აგვისტოს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს გზამკვლევი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა გია ზურაბაშვილმა გააცნო.
გზამკვლევში თავმოყრილია საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო წესები. დოკუმენტში დაწვრილებითაა აღწერილი უცხოელი დიპლომატების საქართველოში მისიის დაწყებასთან, მის შემდგომ გაგრძელებასა და დასრულებასთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად გზამკვლევი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოში პირველად ჩამოსვლის, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის, მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ქვეყნის დატოვების დეტალები; საელჩოსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის დაფუძნებასთან დაკავშირებული პროცედურები; ცალკე თავი ეთმობა დიპლომატიური იმუნიტეტის ცნებას; დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების 1961 წლის და 1963 წლის ვენის კონვენციებით გათვალისწინებულ საგადასახადო პრივილეგიებს. გზამკვლევი ასევე მოიცავს უცხო ქვეყნის დიპლომატისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისევე როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციასთან და მისით სარგებლობასთან დაკავშირებულ წესებს.
გზამკვლევში ასევე მითითებულია იმ უწყებების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უცხოელ დიპლომატს უწევს შეხება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევი პირველად შემუშავდა და იგი საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნის ყველა მისიას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნა. დიპლომატიური პროტოკოლის წესები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






