მიმინოშვილი მიუღებლად მიიჩნევს პედაგოგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთებას და ამბობს, რომ ამ ადამიანებმა არცთუ ისე მარტივად მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ეს არის მართლაც დასაფასებელი, ,,როცა ამბობენ, რომ არ ვარგოდა ეს გამოცდები, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს აყენებ შეურაცხყოფას“, - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცხებიდ გაუქმებაზე აქტიური საუბარი გასული წლის ზაფხულში დაიწყო. მიზეზი პირდაპირ არ სახელდებოდა, მაგრამ ყველა იმას მიიჩნევდა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდაში შარშან ბევრი ჩაიჭრა (დაწყებიტი საფეხურის მასწავლებლების 93,5% ფიზიკის მასწავლებელთა 96%). მაშინ სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმაზე შეთანხმდა, რომ გამოცდები არათუ გაუქმდებოდა, მას კიდევ ერთი კომპონენტი - მასწავლებლის პარაქტიკულ ნაწილში შეფასება უნდა დამატებოდა, ის, თუ რა ფორმით, ეს უკვე სამინისტროს უნდა შეემუშავებინა.
,,რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ, რას ნიშნავს, უქმდება?! ყოველთვის ვამბობდი, რომ ის რაც ტარდებოდა მასწავლებელთა შეფასებისთვის, არასაკმარისი იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ვამბობდი, რომ მრავალკომპონენტიანი უნდა იყოს შეფასება და ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა იმას, თუ როგორია მასწავლებელი კლასში, რაც არ განხორციელებულა. ახლა ჩვენი ცენტრი აკეთებს ამას მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მალე ესეც მზად გვექნება“, - აცხადებს მიმინოშვილი. მისივე თქმით, თუკი ვინმე ამბობს გაუქმდა, გამოდის, რომ არსებული სქემის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს.
,,ჯერერთი ყველა პედაგოგს, რომელსაც გავლილი აქვს სასერტიფიკაციო გამოცდები, პრივილეგირებულ ვითარებაშია და მეორეც - საგნობრივი ცოდნის და საგნის სწავლების მეთოდოლოგიაში ტესტირების გავლა, გამოცდის ჩაბარება მაინც ყველა მასწავლებელს მოუწევს. მე არ ვიცი მინისტრი გაუქმებაში რას გულისხმობს. სავარაუდოდ, არსებული საგამოცდო ფორმის არასაკმარისობაზე საუბრობს. მაგრამ საუბარი იმაზე, არის თუ არა ეს ორი გამოცდა მნიშვნელოვანი, აფასებს თუ არა რამეს - ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი. 4 წელი ვემზადებოდით და ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილებაც გავითვალისწინეთ. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, აზრით ძალიან კარგი მოდელი შემუშავდა, რომელიც ამ კონკრეტულ სეგმენტს აფასებს და კერძოდ კი - საგნის ცოდნას და ამ საგნის სწავლების მეთოდიკას. მაგალითად, შეიძლება პირი იყოს შესანიშნავი მათემატიკოსი, მაგრამ პედაგოგად არ გამოდგეს. მეორე მხრივ, ფასებდა პროფესიული უნდარები, რომელიც ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი. თუმცა ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, აუცილებლად უნდა დაემატოს იმის გამოცდა, რომელიც შეამოწმებს პედაგოგის კლასში მუშაობას“, - აცხადებს მიმინოშვილი.
ახალი სქემით, კონკრეტულად ვინ მოახდენს მასწავლებელთა შემოწმებას სამინისტრო თუ ისევ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ კითხვაზე სამინისტრო პასუხობს, რომ მასწავლებელთა შეფასება მოხდება კომპლექსური სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობების შეფასებას, როგორც თვითშეფასებისა და შიდა სასკოლო შეფასების, ასევე გარე შეფასების ფორმით, რომელთა საფუძველზე მასწავლებლები დააგროვებენ კრედიტ-ქულებს. შეფასების ფორმებს შორის იქნება საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება გამოცდის ფორმით.
თუმცა რას მოიცავს ეს ,,კომპლექსური სისტემა“, როგორ, რა ფორმით - წერით, თუ ზეპირად მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, ან საერთოდ გულისხმობს თუ არა შეფასების ახალი სქემა გამოცდას, ეს ყველაფერი ამ დრომდე უცნობია.
რაც შეეხება მოქმედ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ისევე როგორც არასერტიფიცირებულები, ახალი სასწავლო წლიდან განაგრძობენ საქმიანობას. როგორც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სერტიფიცირებულების თავიდან შეფასება 2015 წლიდან დაიწყება.
მოაკლდებათ თუ არა მოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი - ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს.
გაზეთი ,,რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






