"არჩევნების წინ კალაძემ დადო პირობა, რომ ის პირები ვინც საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, დასაქმდებოდნენ. ამისთვის სპეციალური კომისიაც შეიქმნა. როგორც გაირკვა ნარმანიამ მერად დანიშვნის შემდეგ პირობა შეცვალა და ის ადამიანები (სულ 200 კაცი) ჰაერში გამოკიდებული დარჩნენ. ამას ისიც დაემატა, რომ თბილისის საკრებულოს პორტირებული თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, წინასაარჩევნოდ, კალაძის დაჟინებული მოთხოვნით სიაში აღარ ჩასვეს. ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კალაძე ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამ დღეებში კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შიხიაშვილის ქვემო ქართლის გუბერნატორად დანიშვნის თაობაზე. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას კალაძის მხრიდან პროტესტი და პოსტის დატოვების მუქარა მოყოლია. ამის მიუხედავად ირაკლი შიხიაშვილი დღეს რუსთავში ჩასულა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კულუარული შეხვედრა გაუმართავს. ეს ფაქტი კალაძისათვის ბოლო წვეთი აღმოჩენილა - არც ვიცეპრემიერის პოსტი მჭირდება და არც მინისტრის, ჩემი პრინციპების დათმობას არ ვაპირებ და საერთოდ წავალ მილანში და აქ აღარ გავჩერდებიო", წერს "ქრონიკა+" სანდო წყაროზე დაყრდნობით.
მასალის გამოყენების პირობები






