„საქართველომ დასავლეთს უნდა დაუსაბუთოს, რატომ წაუყენა ყოფილ ხელისუფლებას ბრალი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა „რეზონანსთან“ ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან მიხეილ სააკაშვილზე არ არის დამოკიდებული:
„ჩემი აზრით ეს ავტომატურ რეჟიმში აუცილებლად მოხდება, თუმცა რა შედეგი მოჰყვება და როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია. ვიცი შემთხვევები, როდესაც ყოფილი პრეზიდენტები და მაღალჩინოსნები კიდევაც დაუჭერიათ და კიდევაც გაუსამართლებიათ, ასე რომ ინტერპოლით სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების საკმაოდ მაღალი ალბათობა ნამდვილად არსებობს. საქართველომ დასავლეთს უნდა დაუსაბუთოს, რატომ წაუყენა ყოფილ ხელისუფლებას ბრალი“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.
დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი აზრით საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული არ არის:
„არ მგონია, რომ ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილის ბედზე იყოს დამოკიდებული, თუმცა ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ეს ჩვენი სამუშაოა, რომელსაც დასრულება სჭირდება. ხოლო იმის თქმა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება, თუკი ჩვენ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე ვისაუბრებთ, სერიოზული არ არის“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
ლევან ბერძენიშვილი ერეკლე კოდუასთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს. მისი განცხადებით ოპერატიული მუშაკის საუბარი არ შეიძლება სანდო იყოს და იგი კოდუას ნათქვამ არცერთ სიტყვას არ ენდობა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






