საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით მისი უწყება მასწავლებლების სერთიფიცირების თემას ცვლის. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისივე ცნობით აღნიშნული თემა მას მთავრობის სხდომაზე გააქვს:
"ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლების სერთიფიცირების თემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადექვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიძიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს, შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების არა მხოლოდ შეფასებით, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ეს უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში ხარისხის ამაღლებას. ცვლილებები გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა და ხდებოდა ან არ ხდებოდა სერთიფიცირებული, ეს სქემა შეიცვლება და მასწავლებელიც ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა - კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია.
დანარჩენი არის საკლასო შეფასება, პრაქტიკაში რასაც აკეთებს მასწავლებელი იმისა და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. ეს იყო არაადექვატური და ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა წლიდან წლამდე კანონში თარიღის გადატანა ხდებოდა, ვინაიდან 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% უნდა გაგვეშვა სახლში. ეს იყო სრული კატასტროფა, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ შევცვალეთ ეს და მასწავლებლებს შევთავაზეთ ადექვატური თემა როგორც საკუთარ თავზე მუშაობისა, ისე განვითარებისა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






