„დღე და ღამე ახალ-ახალ ბრალდებებს აცხობს ხელისუფლება, რაც საბოლოოდ, საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.
ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამო არ გაწირავს.
„არ მეგონა, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ თავს ასე საფრთხის ქვეშ დააყენებდა. როდესაც გიგი უგულავა დაკავებით დაარღვიეს მორატორიუმი, ველოდეი, რომ ხელისუფლება ჩემი და ჩემი თანამებრძოლების დევნას შეწყვეტდა. თუმცა ეს ისტერიკა დღემდე გრძელდება. დღე და ღამე ახალ-ახალ ბრალდებებს აცხობს ხელისუფლება, რაც საბოლოოდ, საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროსაც კი დასავლურ პრესაში დაბეჭდილი ერთი ნეგატიური სტატიის გამო ედუარდ შევარდნაძე და მთელი მთავრობა ნერვიულობდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თუ რაიმე ნეგატიური სტატია იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი თათბირს თათბირზე მართავდა, რომ ხელი არ შეშლოდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






