სოციალურ ქსელებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატებში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბაა, მეორე ადგილზეა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ასლან ბჟანია, მესამეზე- თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია, ხოლო მეოთხე ადგილს დე ფაქტო შს მინისტრი ლეონიდ ძაპშბა იკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ყველაზე აქტიურად ხაჯიმბას და ბჟანიას მომხრეები ატარებენ.
ხაჯიმბასათვის და ძაპშბასთვის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რკინიგზისა და გალელი ქართველების თემაა.
ძაპშბა „საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის“ პირობას დებს, ხოლო ხაჯიმბა აცხადებს რომ აფხაზეთს გეზი რუსეთთან კიდევ უფრიო მჭიდრო კავშირზე აქვს აღებული.
წელს აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გალელები მონაწილეობას, პირველად ვერ მიიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო დროებითმა ხელისუფლებამ მიიღო, იმის გათვალისწინებით რომ მათი კანონის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები არაა, გამონაკლისია მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია ამავდროულად იყოს რუსეთის მოქალაქეც.
იმისდა მიუხედავად , რომ რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა სამჯერ მიიღო და სამჯერვე დამარცხდა, ამჯერად გამარჯვებას მას უწინასწარმეტყველებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდება.
მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






