„როცა ჩვენ გვაქვს მიზეზი, კრიტიკა გამოვთქვათ მედიის მიმართ, ეს არ უნდა მოგვერიდოს”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არავითარ ზეწოლას არ განიცდის.
“მაშინ, როდესაც მედია არის ობიექტური, სამართლიანი, ყველა ობიექტური კრიტიკის მისაღებად მზად ვარ, როცა არიან ტენდენციური და სუბიექტურები, მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელი და უსამართლია. მინდა, რომ ხარისხობრივად მედია კიდევ უფრო განვითარდეს. თავისუფლების ხარისხი გაქვთ მაღალი, თქვენ არავითარ ზეწოლას არ განიცდით, რაც არის ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, მაგრამ საჭიროა, ამ ხარისხის განვითარება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ობიექტურები და სამართლიანები იყოთ. თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, მედიის გარდა სამოქალაქო სექტორიც, ხშირად ავლენს ტენდენციურობასა და მიკერძოებულობას. აუცილებელია მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






